ხმაური გურჯაანის სასამართლოში - 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გამართლდა

გამოქვეყნდა:

ხმაური გურჯაანის რაიონულ სასამართლოში - 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი მოსამართლემ გაამართლა. ამ გადაწყვეტილებას დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. 

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - მათ მოსამართლე და პროკურორი არ შეხვდნენ, ბავშვის ოჯახის წევრების პროტესტმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა. ისინი ამ დრომდე სასამართლოს ეზოში რჩებიან. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ორი არასრულწლოვნის ჩვენება, რაც მოსამართლემ მტკიცებულებად არ აღიარა და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, განჩინების ჩაბარების შემდეგ გაასაჩივრებს. საქმის პროკურორმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. 

შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა. ბრალდებულ მამაკაცს გირაო ჰქონდა შეფარდებული. 

საქმის განხილვა სასამართლომ დღეს დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი