"20 ივნისის შემდეგ უახლოეს პერიოდში იყო ასეთი მოსაზრება, რომ გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა და ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო. თუმცა რაღაცამ შეცვალა შემდეგ ეს გადაწყვეტილება", - ასეთ განცხადებას აკეთებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის სისხლიან ღამეზე საუბრისას.
წამყვანის შეკითხვაზე, რამ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, კობახიძე პასუხობს, "რაღაცამ შეცვალა და არა ვიღაცამ, ვერ ვიტყვი რა იყო ეს რაღაც, თუმცა ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება". მისივე თქმით, ეს იყო გახარიასთან დაკავშირებული "გარე ფაქტორი".
მისივე თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლაზე "გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს... თვითონ იყო პასუხისმგებელი ოპერაციაზე". რის შემდეგაც, კობახიძის თქმითვე, გუნდში გახარიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა, რადგან "ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი".