მეცნიერებმა აქამდე უცნობი ადამიანის ტიპი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

120 000 წლის წინ, ლევანტში, ჰომო საპიენსები ადამიანების აქამდე უცნობ ტიპთან ერთად ცხოვრობდნენ. არქეოლოგებმა ამ ახლადაღმოჩენილ ჰომინინებს ნეშერ რამლა უწოდეს - იმ ადგილის სახელი ისრაელში, სადაც მათი ნამარხები იპოვეს.

ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც არქეოლოგებმა ამ ტიპის ადამიანის ნამარხები აღმოაჩინეს, კერძოდ, თავის ქალის, ყბის ძვლებისა და კბილების ფრაგმენტები. როგორც თავდაპირველად ჩანდა, აღმოჩენილი ნაწილები ნეანდერტალელებსაც ერგებოდათ და ჰომო საპიენსებსაც, თუმცა, რეალურად, არც ერთს არ მოერგო.

ეს ახლადაღმოჩენილი ჰომინინების ტიპი, შესაძლოა, ევროპის ნეანდერტალელთა პოპულაციის წინაპარი იყოს, ეს კი კარგად ამოხსნის იმ საიდუმლოს, თუ როგორ შეერია ჰომო საპიენსების დნმ-ში ნეანდერტალელების დნმ, სანამ ისინი ამ რეგიონში მოხვდებოდნენ. ისინი, შესაძლოა, არქაული აზიური ჰომო პოპულაციის წინაპრებიც იყვნენ.

ახალი ტიპის ჰომოების აღმოჩენა უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობისაა. ამის წყალობით, მანამდე აღმოჩენილ ადამიანთა ნამარხებზე უფრო მეტს ვიგებთ, ადამიანის ევოლუციის პაზლს კიდევ ერთი ნაწილი ემატება და უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ძველ სამყაროში ადამიანების მიგრაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, შუა პლეოსტოცენში (474 000-130 000 წლის წინ), ნეშერ რამლას ხალხი მომაჯადოებელ ამბავს გვიყვება თავიანთი შთამომავლობის ევოლუციასა და ცხოვრების წესზე, - ამბობს ანთროპოლოგი ისრაელ ჰერშკოვიცი თელ ავივის უნივერსიტეტიდან.

ნარჩენები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში იპოვეს. აქ არქეოლოგებმა უამრავი ნამარხი აღმოაჩინეს - უმეტესობა ცხოველების ძვლები იყო, თუმცა, ქვის იარაღებიც ნახეს და, რაც მთავარია, აქამდე უცნობი უძველესი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები. მკვლევარებმა მოახერხეს და ნამარხები დაათარიღეს - ისინი დაახლოებით 140 000-120 000 წლისაა.

ვიზუალური რეკონსტრუქციით, ანალიზითა და ამ ძვლების სხვა ჰომინინებთან შედარებით დადგინდა, რომ ქვედა ყბა და კბილები ნეანდერტალელებისას წააგავდა, ხოლო პარიეტალური ძვლები არქაული ჰომოებისას ჰგავდა.

მკვლევარების თქმით, ჰომო საპიენსების ჩამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 200 000 წლის წინ, ადამიანების ეს ორი ტიპი ლევანტის მიწაზე 100 000 წლის განმავლობაში საზიაროდ ცხოვრობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი