გუშინდელს არ შეიძლება გამართლება ჰქონდს, ის შემთხვევაა, როცა ვერ იტყვი "მაგრამ" - კუჭავა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამბობს, რომ გუშინ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ შეიძლება გამართლებული იყოს და "ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ იტყვი - მაგრამს".

კახა კუჭავას თქმით, ძალადობა მიუღებელია და ყველა შემთხვევაზე მკაცრი რეაგირებაა საჭირო.

"რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ვიცი რა დავარქვა, ეს იყო სამარცხვინო უბრალოდ, ის, რაც ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება ქონდეს გამართლება და ეს ის შემთხვევაა როცა ვერ ვიტყვით მაგრამ, არანაირი მაგრამ, არ შეიძლება გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენ ისტორიულად ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ.

ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელი არის. მართლა არ მესმის, 10-10 კაცი რომ 1-1-ს დასდევენ, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას. მით უმეტეს, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები, ჟურნალისტებზე, ოპერატორებეზე - ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის არ აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა",- თქვა კახა კუჭავამ.

კუჭავას თქმით, შეუძლებელია ნებისმიერი ადამიანისგან გუშინ მომხდარი მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს.

გუშინ 5 ივლისს 17:00 საათზე თბილის პრაიდის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში იყო დაგეგმილი. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. ამის შემდეგ მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს. ამასთან შეიჭრნენ მოძრაობა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისში.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების სამიზნე გუშინ მედიის წარმომადგენლებიც გახდნენ. თავდასხმებს შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა. პოლიციამ მომხდარზე 8 პირი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლით დააკავა. მომხდარს გუშინვე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც. ერთობლივ განცხადებაში მათ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი