5 ივლისს მოძალადე, ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მიერ დაჭრილი პოლონელი ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში აგრძელებს. ექიმის განცხადებით, ოპერაციების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტი შემოვიდა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობით გულმკერდის არეში, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი კონტროლის ქვეშააა, მონაცემები ნორმალურია, ადეკვატურია, კონტაქტიურია პაციენტი", - თქვა ქირურგმა, შალვა გიუაშვილმა.
პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებული 5 ივლისს, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენოს.