"ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა" - "ფორმულას" ჟურნალისტი სუს-ის ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროებულ სუს-ის დოკუმენტების შინაარსს "ფორმულას" ჟურნალისტი, ნინო გელაშვილიც ადასტურებს. 

გელაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია პავლიაშვილს ის 2020 წლის ზაფხულში კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად დაუკავშირდა, საუბრის შინაარსი კი სუს-ის ანგარიშში მოხვდა. 

"მე ვადასტურებ, რომ ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. გასული წლის ზაფხულში ჟურნალისტებმა დავურეკეთ ფაქტის დასადასტურებლად. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. საუბარი ეხებოდა ინფორმაციის დაზუსტებას, რა თქმა უნდა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ გახდა ეს საუბარი ვინმესთვის საინტერესო, რატომ დაიხარჯა ამაზე რესურსი. ის, რომ ასე ხდება ჟურნალისტების რიგითი საუბრის მოსმენა, შემაშფოთებელია" - ამბობს ნინო გელაშვილი "ფორმულასთან".

"ფორმულას" ჟურნალისტთან ერთად დოკუმენტის აღნიშნულ ნაწილში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი, სოფიო დემეტრაშვილიც ფიგურირებს. 

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია პავლიაშვილს მიმდინარე წლის [2020] 17 ივნისს დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სოფიო დემეტრაშვილი და ჰკითხა, რომ 21 ივნისს უნდა ჩატარებულიყო პარლამენტის რიგგარშე სხდომა, რასთან დაკავშირებითაც დემეტრაშვილმა თანამოსაუბრეს ჰკითხა, მიმართა თუ არა პარლამენტის აპარატმა პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზეც პავლიაშვილმა განუმარტა, რომ აღნიშნულზე არ იყო ინფორმირებული. 

იმავე საქმეზე ნათია პავლიაშვილს დაურეკა ფორმულას თანამშრომელმა, ნინო გელაშვილმა", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ჩანაწერების შინაარსი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემაც დაადასტურა. 

გარდა ამისა, გავრცელებულ კრებსების შინაარსი დაადასტურეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. 

ცნობისთვის, პირველ აგივსტოს გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიამ წაიკითხა სუს-იდან მოპოვებული ოპერატიული კრებსი, სადაც საუბარია სასულიერო პირებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებსა და მათ პირად ცხოვრებაზე. ყველა ეს ინფორმაცია 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდსა და მიმდინარე წელს ასახავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი