საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა - რა შეზღუდვები რჩება ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მოქალაქეებს გადაადგილება ნებისმიერ დროს შეეძლებათ, მოხსნილია პირად ავტომობილში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვაც.

ცვლილებების თანახმად, დღეიდან 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვაც იხსნება.

თუმცა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება:

  • სავალდებულოა ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია; 
  • აკრძალულია სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი;
  • ტაქსიში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს, ტაქსის მძღოლი კი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
  • აკრძალულია რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • შეზღუდული რჩება სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • იკრძალება ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
  • შეზღუდული რჩება სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • აკრძალულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ბიზნეს სუბიექტები ვალდებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მოთხოვნები დაიცვან;
  • შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც ქალაქებში, ისე საქალაქთაშორისო მოძრაობისას.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, უკვე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. 

ცნობილია ისიც, რომ კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა საკარანტინო ზონაში რჩება სოფლები მუშევანი და გეტა. ამ დრომდე, საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული თეთრიწყაროც. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, რის შემდეგაც ბიზნესს შეზღუდვები ეტაპობრივად დაუწესდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი

}