კრიმინალური გარჩევა "ოცნებაში" - დეპუტატი და მთაწმინდის გამგებელი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს დეპუტატსა და მთაწმინდის გამგებელს შორის - დეპუტატ ლევან არველაძის რეპლიკამ დავით კირკიტაძე გააღიზიანა და არველაძისკენ გაიწია, არველაძემ კი კირკიტაძეს ხელი სახეში დაარტყა. შემთხვევა დღის პირველიდან ორ საათამდე, "მეტეხის საძმოს" დამფუძნებლების, ზაკო და კოკა წერეთლის, მამის გასვენებაში მოხდა.

„მთავარის“ ინფორმაციით, დავით კირკიტაძემ არველაძისკენ საპასუხო დარტყმისთვის გაიწია, თუმცა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა "გლოკის" ტიპის იარაღი ამოიღო და გამგებელს შუბლზე დაადო. ამ დროს ადგილზე გამშველებლები მოვიდნენ. ერთ-ერთი ყოფილი მხედრიონელი და ლევან არველაძის ახლობელი ლევან ბაძაღუაა, მეორე კი ორივე მხარის საერთო მეგობარი.

დავით კირკიტაძის გინების შემდეგ, მოქმედება მეორე ფლანგზე, თითქმის 50 მეტრში, საკონდიტრო „ლაზასთან“ გრძელდება. პირველი დაპირისპირების დროს გამშველებლების ამპლუაში მყოფი ადამიანები კირკიტაძეს უკან გაყვნენ და მანქანასთან მოიმწყვდიეს. დეპუტატს მუშტებს ცხვირის მარცხენა მხარეს რამდენჯერმე ყოფილი მხედრიონელი ლევან არველაძის მეგობარი ლევან ბაძაღუა ურტყამს. მეორე გამშველებელს ბაძაღუა ადგილიდან გაჰყავს, კირკიტაძე კი მანქანაში ჯდება და მიდის.

ინციდენტში მონაწილეები მომხდარს არ ადასტურებენ. რაც შეეხება კამერების ჩანაწერებს, სამართალდამცავებს მტკიცებულება არ ამოუღიათ. მთაწმინდის გამგებლის დაზიანებები არ შეუმჩნევიათ მის თანამშრომლებს. 

ინციდენტიდან მალევე, მთაწმინდის გამგებლის საძმომ საკრებულოს დეპუტატს შეტყობინება შუამავლის საშუალებით გამოუგზავნა და უთხრეს, რომ ეს ისტორიის დასასრული არ იქნებოდა. შეტყობინების ავტორები მთაწმინდაზე კარგად ცნობილი ძმები გიორგი და დავით მიქაძეები არიან, რომლებიც ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.

ძმები არჩევნების დროს ხშირად ხვდებიან მედიის ყურადღების ცენტრში, რადგან მთაწმინდაზე თითქმის ყოველთვის იმარჯვებს ის, ვისაც მხარს უჭერენ. დავით კირკიტაძესა და ლევან არველაძეს შორის დაპირისპირებაც უკანასკნელ არჩევნებს ეხება.

კონსპირაციულ მისამართზე შეკრებილები სწორედ ლევან არველაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დავით უჯმაჯურიძე და "ქართული ოცნების" შავ საქმეებში მონაწილე სხვა პირებიც იყვნენ. კირკიტაძესთან დაპირისპირება სწორედ ამ დროს დაიწყო. გამგებლისა და არველაძის ფლანგი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

მიქაძეების მუქარის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი ამოწურული არ არის. ისტორიას, სავარაუდოდ, გაგრძელებაც მოჰყვება, ვინ მოაგვარებს დაჯგუფებებს შორის კონფლიქტს, უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი