ეს კამპანია პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებისთვის ფონის შექმნას ემსახურება - მდინარაძე სუს-ის კრებსებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეული საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებისა და მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს.

როგორც მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გუშინ ინტერნეტში სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელება ამ ყველაფრისთვის "ფონის შემზადებას" ემსახურებოდა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას, პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ამასთან, პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი