ექვსჯერ დაჯარიმებული კომპანია სამუშაოებს მაინც არ წყვეტს - გაურკვეველი მშენებლობა ბათუმში

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობას მოჰყვა. გოგოლის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.

დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე ნაგებობების ამსახველი ფოტოებიც მოიტანეს და მოითხოვეს პასუხი მთავარ კითხვაზე - რა დანიშნულება ექნება გოგოლის ქუჩაზე მშენებარე 9 კორპუსს.  

2011 წელს კი გაცემულია ნებართვა, რომ ავტოსადგურის გვერდით უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრი, თუმცა, ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს კორპუსები სხვა მიზნით შენდება.

ბათუმის საკრებულოში სხდომას ქალაქის მთავარი არქიტექტორიც ესწრებოდა. თუმცა, ვერც მან გასცა ოპოზიციის და მოქალაქეების კითხვას პასუხი - რა ტიპის მშენებლობა მიმდინარეობს გოგოლის ქუჩაზე.

პასუხი არ აქვთ არც მშენებლობაზე მომუშავეებს და დაცვის წევრებს. კორპუსების მშენებლობა კი უნებართვოდ ივნისში დაიწყო. მას კომპანია „მეტრო ჯორჯია“ აშენებს, რომელიც თურქეთის მოქალაქის გალიფ ოზ თურქის კუთვნილებაშია.

უკანონო მშენებლობისთვის ექვსჯერ დაჯარიმებული კომპანია „მეტრო ჯორჯია“ სამშენებლო სამუშაოებს არ წყვეტს. სამშენებლო პროცესი არც ადგილზე ოპოზიციის, მუნიციპალური ინსპექციის და პატრულის გამოჩენის შემდეგ არ შეწყვეტილა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი