საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისტორია - რეტროსპექტივა

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ არცერთ ღონისძიებაზე დღეს ქვეყნის უმაღლეს პირებს რუსული ოკუპაცია, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი საფრთხეა, არ უხსენებიათ.

კრემლის პოლიტიკა ახლაც, ისევე, როგორც თითქმის ერთი საუკუნის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ქართული ოცნების ხელისუფლება კი ჯიუტად ვერ ხედავს პარალელებს 1921 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამხობასა და დღევანდელ პროცესებს შორის.

დედაქალაქის მთავარი გამზირზე დღემ საზეიმო განწყობისა და დროშების გარეშე ჩაიარა. არსად იგრძნობოდა, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს. 

„ჩვენ ვუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ გზას... ჩვენ ვხდებით დამოუკიდებელნი და ვით თავისუფალი ერი შევდივართ საერთაშორისო ოჯახში“ – დამოუკიდებლობის აქტის ეს სიტყვები ნოე ჟორდანიამ 1918 წლის 26 მაისს, კვირა დღეს, გოლოვინის პროსპექტზე, მაშინდელი მეფისნაცვლის რეზიდენციაში წაიკითხა.

პირველი ქართულ კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტში, საკანონმდებლო ნაწილთან ერთად, გადმოცემულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და რაც მთავარია, ქართველი ერის გამუდმებული სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ.

პირველივე სახელმწიფო დოკუმენტმა  აჩვენა, რომ ეროვნული საბჭოს წევრები ქვეყნის მართვას დასავლური ღირებულებებით აპირებდნენ, თანასწორად იცავდნენ ყველა ადამინის უფლებას განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

პირველი რესპუბლიკა იმ დროისთვის ბევრ ევროპულ სახელმწიფოზე უფრო პროგრესული იყო. განსაკუთრებული განმასხვავებელი ნიშანი კი მრავალპარტიული მმართველობა და ქალთა უფლებები გახლდათ - 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციით ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცათ, მაშინ, როცა ევროპის არაერთმა ქვეყანამ ეს კანონი ბევრად უფრო გვიან მიიღო.

პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის დროს ქართული ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი სასამართლო რეფორმები, შეიქმნა ადგილობრივი მართვის ორგანოები, ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია.

ნოე ჟორდანიასა და მის თანამებრძოლებს დასავლური ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა არ დასცალდათ და 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა არმიამ საქართველოს სრულად დაიპყრო. 

ქართველი ერის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც არსად გამქრალა. პირველი რესპუბლიკის მხარდამჭერებმა არაერთი აჯანყება მოაწყვეს, მათ შორის ყველაზე დიდი - 1924 წელს დაიწყო, თუმცა დამარცხდა. აჯანყების მონაწილე გმირები დახვრიტეს, მათი ოჯახები კი გადაასახლეს.

ქართველი ხალხი არასდროს შერიგებია დამოუკიდებლობის დაკარგვას. ზუსტად 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მარტის თვეში ჩატარებული რეფერენდუმის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისი აქტის საფუძველზე, რაც სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა. საქართველო 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

რუსეთი დღემდე ცდილობს საქარღველოს სუვერენიტეტის შერყევას. ტერიტორიული მთლიანობა დღემდე უდიდეს გამოწვევად რჩება. ჩვენი ქვეყნის 20% რუსი აგრესორის მიერაა ოკუპირებული და ეს პროცესი საზღვრისპირა სოფლებში ყოველდღიურად გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი