საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სუს-ს ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ არ ეგონათ, ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასე მოიქცეოდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.
"ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება.
ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა, ზოგადად ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შეიძლება მიმართავდეს ასეთ ხერხს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან დაცვას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით", - თქვა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია 13 სექტემბერს გავრცელდა.
დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
ირკვევა, რომ უსმენდნენ დიპლომატებსაც.