ოპოზიციური პარტიების ლიდერები დმანისში, მათ მხარდამჭერებზე გახშირებული ძალადობის შემთხვევების, მათ შორის, გუშინ მომხდარი დაჭრის ფაქტის გამო საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია 14:00 საათზე გაიმართება.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ინციდენტები არჩევნებამდე კიდევ მოხდეს. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ არ აქვს დიდი ნდობა მოსახლეობაში და ამიტომ შეეცდებიან, ადამიანები ყველა ხერხით დააშინონ.
ცნობისთვის, დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირებისას 3 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა მრავლობითი დაზიანება მიიღო სახის, თავისა და ხელის არეში. დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავა. შსს-ს ცნობით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენის მიზნით.