თბილისის წიგნის ფესტივალი წელს ციფრულ ფორმატში გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება - ონლაინ სივრცეში სასურველი წიგნების დათვალიერებასა და შეძენას წიგნების მოყვარულები 30 და 31 მაისს შეძლებენ.

21 წლიანი ტრადიცია დროებით შეიცვალა, ჩვეული საგამოფენო სივრცის ნაცვლად 30-მდე გამომცემლობა ახალ და ფასდაკლებულ წიგნებს ვირტუალურ სივრცეში გამოფენს. ფესტივალის განმავლობაში 40-მდე ღონისძიება გაიმართება ასევე ინტერნეტ სივრცეში

ფესტივალის ფარგლებში სამი საინტერესო წიგნის პრეზენტაციას ვიხილავთ. ერთ-ერთია დათო ტურაშვილის „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელშიც ავტორი გვიამბობს, რომ ღვინის თავგადასავალი საქართველოში დაიწყო - ამის დასამტკიცებლად ავტორმა მთელ საქართველოში იმოგზაურა და უამრავი მასალა შეაგროვა. ტურაშვილის წიგნი ორენოვანია და მისი უცხოეთის ქვეყნებში გამოცემაც იგეგმება.

ღვინოს სჭირდება სიყვარული, აი დიდი სიყვარული უნდა ჰქონდეს დიდი პატივისცემა თვითონ ფენომენისადმი, ღვინისადმი, ვაზისადმი, კულტურისადმი, რომ კარგი ღვინო გამოვიდეს, და როგორ ჩანს წიგნიც ასეა. ღვინო არის ის ფენომენი, რომელმაც შექმნა ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი რაობა, ჩვენი იდენტობა, კულტურა, ლიტერატურა, ჩვენი არჩევანი, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ რელიგიური, ყველაფრის განმსაზღვრელი იყო ღვინის ფენომენი, - ამბობს ავტორი.

ტურაშვილის წიგნის ყდაზე მიკროსკოპში დანახული ღვინოა გამოსახული.

გელა ჩარკვიანი თავის ახალ წიგნში "English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი" მკითხველს ამ პროცესის შესახებ უამბობს. ავტორის თქმით, მან გადაწყვიტა სწორი წარმოდგენა შეექმნა მკითხველისთვის, თუ როგორია უცხო ენის სწავლა. 

ჩემს წიგნში ზუსტადაა ასახული რატომაა უცხო ენის სწავლა ძნელი. ენის სწავლა არის ჩვევის გამომუშავება, ჩვევის გამომუშავება კი სულ სხვა რამაა. 100-ჯერ უნდა გამეორება, 200-ჯერ, - ამბობს ჩარკვიანი

მაია ფანჯიკიძე ნობელის ლაურეატი მწერლის პეტერ ჰანდკეს 1972 წელს დაწერილ ცნობილ რომანს „მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში“ წარადგენს. ავტორის თქმით, წიგნი არც ფეხბურთს ეხება და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ფურცლებზე მკვლელობა ხდება, არც დეტექტივია. 

პეტერ ჰანდკე არის ე.წ. ახალი რომანის, ავანგარდული რომანის წარმომადგენელი. ამ ტიპის რომანისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ყვება, არამედ როგორ ყვება ამ ამბავს და სწორედ, როგორ ყვება არის საინტერესო, - ამბობს მაია ფანჯიკიძე.  

ქართული გამომცემლობები აქტიურად მუშაობენ საფესტივალო გამოცემების მოსამზადებლად, რომელთა წარდგინებაც წლევანდელ, განსხვავებულ წიგნის ფესტივალზე იგეგმება. 

ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო საბავშვო პროგრამა, საერთაშორისო ნაწილი, წესით ჩვენი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთი უნდა ყოფილიყო, ამიტომ თურქულ ლიტერატურაზე იქნება განსაკუთრებული აქცენტი, - ამბობს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა

სექტემბრის ბოლოს იმედი აქვთ, რომ წიგნების გამოფენა უკვე საგამოფენო სივრცეში გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი