არ შევწყვეტ შიმშილობას... უარი განვაცხადე უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. წერილი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ გაასაჯაროვა.

წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ცუდად გახდომის შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა ციხის ექიმებსაც აუკრძალა.

მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არცერთ შემთხვევაში სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.

თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი, - ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოებას ნიკა გვარამიამ გააცნო.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი