პირბადეების გარეშე მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს - ხვალიდან ტრანსპორტი ამოძრავდება

გამოქვეყნდა:

პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე საუბრისას განაცხადა.

ორთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალიდან მუშაობას განაახლებს, თუმცა მგზავრებს სპეციალური წესების დაცვა მოუწევთ. ერთ-ერთი ასეთი წესი სწორედ პირბადის ტარებაა.

კალაძე ამბობს, რომ პირბადეების ტარებას მეტროში პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან სპეციალისტების განცხადებით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა. მიკროავტობუსებში კი იკრძალება ფეხზე დგომა.

მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს. ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ განიავდეს, რადგან კონდიცირება არის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხე. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება, - ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის აღსადგენად სრულ მზადყოფნაშია და ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მათ დეზინფექცია ჩაუტარდება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 29 მარტს შეჩერდა. საგანგებო მდგომარეობა კი ქვეყანაში 21 მარტს ამოქმედდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი