ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცი ბათუმის კლინიკა "მედცენტრში“ მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც რეანიმატოლოგმა, ჯემალ გელაშვილმა აღნიშნა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.

"პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე, საყურადღებო. ღამის განმავლობაში რჩებოდა მძიმე, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია ამ ეტაპისთვის. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გამოტანილია დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო. დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევები. მარცხენა წვივის მოტეხილობა აქვს, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა“, - თქვა ექიმმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველებმა ორი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყავნეს. ერთ-ერთი მათგანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა

ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

შს მინისტრის, ხატანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი