ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ორგანიზატორი თაკო ჩარკვიანია. აქციის დაწყებამდე რუსთაველზე შეკრებილმა ადამიანებმა, პატივი მიაგეს 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ძირს ბიძინა ივანიშვილის რუსული მმართველობა" - სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ამ შინაარსის პლაკატებით არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დროულად დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები.
აქციის ორგანიზატორის, თაკო ჩარკვიანი თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს რუსთაველზე გაათევს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.
უკვე მე-10 დღეა, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.