ჯაშუშობისთვის გასამართლებული და ტენდერებში გამარჯვებული შემომწირველები - "ოცნებამ" ორი მილიონი იშოვა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ბიუჯეტი, შემოწირულობების ხარჯზე, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ორ მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. 

შემომწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული ბიზნესმენები, ფონდ "ქართუს" თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები და  ჰესების მშენებლები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებთან არიან დაკავშირებული. 

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი ბაკურ კიღურაძეა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი შესწირა. კიღურაძე  2010 წელს  ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ის რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა გზით საიდუმლო მასალებს აწვდიდა, თუმცა "ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 

ასევე 50 000 ლარი შესწირა მმართველ გუნდს საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" გამეგობის წევრმა ლერი კაპანაძემ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, სულ რვაჯერ, მმართვლ გუნდს 250 000 ლარზე მეტი  შესწირა.

პანდემიის ფონზე გამოწვეული კრიზისის დროს, ბიზნესის პარტიული შემოწირულებები უხერხულობას არ უქმნის "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს.

შემომწირველთა ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფი შპს "ლილო მოლთან" დაკავშირებული ბიზნესმენები არიან, რომლებიც წინა წლებშიც ურიცხავდნენ თანხებს "ქართულ ოცნებას" და ზოგიერთ მათგანს "ლილო მოლის" გარდა სხვა კომპანიებიც აქვთ.

მაგალითად, ვაჟა უსანეთაშვილი კომპანია "არსაკიძე - 2 000"- ის წილის 33% ფლობს, ამ კომპანიამ სამი თვის წინ მილიონნახევრის ღირებულების ტენდერი, რომელიც  კრწანისის გამგეობამ გზების მოწყობის სამუშაოებისთვის გამოაცხადა, უკონკურსოდ მოიგო. ამ კომპანიამ გასულ წელს სამ მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა. უსანეთაშვილი ხელისუფლების მფარველობას უარყოფს.

60 000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას" გიორგი აბრამიშვილმა, რომელიც სხვა არაერთ კომპანაისთან ერთად შპს "ნიუ მოტორსსაც" ფლობს. ამ კომპანიას 3000 ლარის ღირებულების ორი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. შემოწირულობები აბრამიშვილმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გასულ წელსაც გაიღო და 60 000 ლარით დააფინანსა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია, სწორედ ამ წელს გახდა ის ერთ-ერთ ტენდერში უკონკურენტო გამარჯვებული.

50 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებმა, ზაალ და დავით დუგლაძეებმა, რომლებსაც ღვინის კომპანია აქვთ. 

ასეევ 50 000 ლარი შესწირა "ქართულ ოცნებას" ფონდი "ქართუს" დირექტორმა ნატო ხაინდრავამ. 2012 წლიდან ამ დრომდე მას პარტიისთვის 300 000 ლარამდე აქვს შეწირული.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ იმ ბიზნესმენებს ეხმარება, რომლებიც შემდეგ მათ პოლიტიკურ საქმიანობას აფინანსებენ, ეს კი ბიუჯეტის გახარჯვისა და კორუფციის ნიშნებს აჩენს. 

მმართველ გუნდში საეჭვო გარიგებებს უარყოფენ და განმარტავენ რომ ბიზნესმენები შემოწირულობებს ნებაყოფილობით, ხელისუფლებისადმი მადლიერების ნიშნად გასცემენ, რადგან წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ბიზნესი წნეხის ქვეშ იყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი