"თავისუფლება მიშას, ნიშნავს თავისუფლება საქართველოს" - ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც "მთავარმა არხმა" ბრიუსელში ექსკლუზიურად ჩაწერა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქეების ნაწილს მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონს, მისი გათავისუფლება უნდა მოითხოვონ, რადგან "საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს იმ ხალხს, რომელიც ქვეყნის მომავალს ძირს უთხრის".
"თავისუფლება მიშას, ნიშნავს თავისუფლება საქართველოს, საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მიშა არ იქნება თავისუფალი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის არ მოგწონთ, თუ მის მიმართ პრეტენზიები გაქვთ, ეს უნდა მოითხოვოთ, იმიტომ, რომ საქართველო ვერ იქნება თავისუფალი, სანამ მისი მესამე პრეზიდენტი ციხეში ჰყავს იმ ხალხს, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის მომავალს. თქვენ ბევრი სისხლი დაღვარეთ თავისუფლებისთვის და დიდი ხანი არ გასულა, რაც დამოუკიდებლები ხართ, ჯერ კიდევ სახიფათო სიტუაციაა, ამ შემთხვევაში, ამ ერთი ადამიანის თავისუფლება, არის პირობა, ქვეყნის თავისუფლებისთვის", - თქვა გლუკსმანმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ომი ივანიშვილმა, "მასზე მიტმასნილმა თაღლითებმა და სხვა რეაქციულმა ძალებმა" გამოუცხადეს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევორკავშირმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა საერთო წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს. წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.