შიდა ქართლში სამართალდამცველების მობილიზება გრძელდება. სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ამ დრომდე გდდ-ის ბაზაზე რჩება, ნაწილი კი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ისინი დასავლეთის მიმართულებით მინი ავტობუსებით გაემართნენ.
გდდ-ის შიდა ქართლის სამმართველო ყაზარმულზე გუშინ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე გადავიდა და ბაზაზე 300-მდე პოლიციელი შევიდა.
ბაზა ლილუაშვილის უწყების დაქვემდებარებაშია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
"მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სის-ში გადაადგილებას უარყოფენ, თუმცა გუშინ შიდა ქართლში მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა და სამართალდამცველების მობილიზება ხდებოდა.
გარდა ამისა, "მთავარი არხს" აქვს მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ შიდა ქართლის სამმართველოდან საპოლიციო ძალები დასავლეთ საქართველოსკენ გადაისროლეს.