სად გაქრა ხმების დათვლის დროს გადაღებული მასალები? - გამომძიებელმა ჟურნალისტებმა საკუთარ თავზე აიღეს ათეულობით ათას-საათიანი ვიდეო-მასალის გაშიფვრა, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია, მაგრამ, აბა, რისთვის მოხდა ხმების დათვლის კამერებით დაფიქსირება, თუ შემდეგ ვიდეოებს აღარავინ ნახავს?
სხვათაშორის, ერთ-ერთ უბანზე კომისიის ერთ-ერთი წევრი კამერის წინ არღვევს წესებს და თან იქვე ხმამაღლა ამშვიდებს კოლეგას - ვინ გაშიფრავს ამას? ვინ გაიგებსო?...
მაგრამ აი, გაშიფრეს და დარღვევებიც აღმოაჩინეს.
საინტერესოა, რომ 3 700 უბნიდან გაუჩინარებულია 400 ვიდეო, მათ შორის, ყველაზე საეჭვო უბნებიდან, სადაც დისბალანსი ასეულობით ხმას აჭარბებს. ერთ-ერთ უბანზე დისბალანსი ათას ხმაზე მეტია - აქაც გამქრალია ვიდეო, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გვენახა, როგორ მიმდინარეობდა ხმების დათვლა და რანაირად მოხდა ათასი ერთეულით აცდენა.
რაც მთავარია, ცესკოს სპეციალური მითითებით, ძირითადად, გამიზნულად არ არის გადაღებული ყველაზე მნიშნვნელოვანი მომენტი - ოქმის შედგენა, გაყალბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კიდევ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინეს, რომლებიც გაყალბების შესაძლებლობაზე მიუთითებს.