საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი "ნაცებისთვის", მიხეილ სააკაშვილისთვის და ნიკა გვარამიასთვის უარის თქმაა.
ამ განცხადების მიუხედავად, ისიც და ხელისუფლებაც ამტკიცებს, რომ ეს აქცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" გამართული კონტრაქცია არაა.
"ამ აქციის თუ შეკრების მიზანი არის წინასაარჩევნო მარათონის დასრულება, სადაც "ქართული ოცნების" როგორც პარტიული აქტივი, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, მხარდამჭერები შეიკრიბებიან და გამოთქვამენ საკუთარ აზრს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.
სულ "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვართ აწყობილები და იმის იქით ვერ ვიხედებით. 60 000 ადამიანი გამოიყვანა, 20 თუ 30 მაგას მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ვამბობ ენმ არ ქმნის ამ ქალაქში, არც ამ ქვეყანაში დღის წესრიგს", - თქვა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი მტკიცებით, არც ის და არც "ქართული ოცნების" ლიდერები სულ "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ საუბრობენ. მისივე თქმით, აქციაზე დგომა 50, 100, 250 ლარი იმიტომ ღირს, რომ - "ბაზარი არეგულირებს".
"ის, რომ უარი უთხრან ნაცებს ამ ქვეყანაში, მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, და ა.შ. ამაში ადამიანებს ფულის გადახდა რომ არ სჭირდებათ ვერ ხვდებით თქვენ", - უთხრა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს.
ცნობისთვის, "ოცნებას" აქციაზე დასასწრებად ხალხი რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოჰყავს, მათ შორის არიან სსიპ-ებში, აიპ-ებში, ბაღებში, სკოლებში და სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულები.