საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 1 თვეა, შიმშილობს. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლებამ დააკავა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. თავდაპირველად, მისი საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია 1 ოქტომბერს, დილით, Facebook-ზე მისივე დადებული მიმართვით გახდა ცნობილი: "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ".
ამის შემდეგ იყო უკვე ვიდეომიმართვა, სადაც მკაფიოდ ჩანდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმში იმყოფებოდა.
"ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ყოფნის არ სჯეროდათ. ასე ჩანდა მათი განცხადებებიდან. ისინი მთელი დღის განმავლობაში ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცზე იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა საზოგადოებას მისი დაკავების შესახებ ამცნო.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სანზონაში, ქვიშხეთის 2 ნომერში დააკავეს. ამ სახლში მესამე პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.
დაკავების შემდეგ, მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. განცხადება გაავრცელა "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა დაიწყო.
მოგვიანებით, 1 ოქტომბერსვე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოშია, გუშინ იყო კანცელარიასთან ძალიან ახლოს".
დღის ბოლოს, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შევიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სწორედ მან განაცხადა, რომ
მესამე პრეზიდენტმა ციხეში შიმშილობა დაიწყო.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უკვე 31 დღის განმავლობაში არ იღებს საკვებს. რამდენჯერმე მიღებული რამდენიმე გრამი თაფლისა და ნატურალური წვენის შემდეგ მან, სპეკულაციებისგან თავის აცილების მიზნით, ამ პროდუქტებზეც უარი თქვა და ციხეში მხოლოდ წყალსა და ჩაის იღებს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. მას უკვე რამდენჯერმე დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა გადასხმაც.
თუმცა, მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. არჩევნების მეორე ტურამდე 1 დღით ადრე მან გაავრცელა მიმართვაც, სადაც თქვა, რომ "აღარ მიიღებდა შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩააბარებდა ანალიზებს".
არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ კი, სადაც, მიუხედავად გაყალბებისა ნათლად გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მხარს ოპოზიციას უჭერს, მიხეილ სააკაშვილს ოჯახის წევრები და თანაგუნდელების ნაწილი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დღის შემდეგაც კი, მიუხედავად არაერთი საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ აკეთებს სალომე ზურაბიშვილი.
ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილზე მხოლოდ მის დაკავების დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა - "არა და არასდროს" | სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს.