"ივანიშვილს და მის ბანდას ეშინია ჩვენი მრავალრიცხოვნობის... გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართვას.

როგორც მის მიმართვაშია აღნიშნული, ქართველმა ხალხმა არჩევნებში უკლებლივ ყველა ქალაქში გაიმარჯვა, ამიტომ "ივანიშვილის ბანდას" მათი მრავალრიცხოვნობისა და ქუჩაში გამოსვლის ეშინია. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა გამარჯვების რეცეპტი სწორედ მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია.

"ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო.

არადა, ივანიშვილის ბანდას ეშინია სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, იმიტომ, რომ ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს. დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა თქვა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო.

ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას "აზრი არ აქვს", "მაინც არაფერი გამოვა". ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი.

და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 33-ე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი