"ვინც დააბრუნა სამსახურში, ის არის დასაჭერი და მოსახსნელი. მოხსნილი იყო 4-ჯერ სამსახურიდან მკვლელი. მოფიქრებული მკვლელობაა.." - ხობში, პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ მოკლული სამართალდამცველის, პაპუნა ლოლუას ახლობლები საუბრობენ და სავარაუდო დამნაშავის წარსულს იხსენებენ.
რა გახდა მკვლელობის მოტივი ოფიციალურად უცნობია, თუმცა არაოფიციალურად სიმთვრალე სახელდება.
მოკლულის ოჯახში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და დარღვევებზე მას შენიშვნებიც ჰქონდა მიღებული.
პოლიციელმა პოლიციელი სამორიგეო ოთახში 14 ტყვიით ჩაცხრილა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები და მიმდინარეობს სხა და სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.
"არ იყო კონფლიქტური პაპუნა. მშვიდი, ძალიან გაწონასწორებული იყო...ავტომატურზე იყო და ეტყობა ვერ დაიჭირა და შეიძლება მთლად ასე არ უნდოდა, ან შესაშინებლად უნდოდა ",- ამბობს მოკლული პოლიციელის, პაპუნა ლოლუას ახლობელი.
მკვლელობას ერთი თვითმხილველი ჰყავს, რადგან სხვა პოლიციელები გუშინ მარტვილში, მეუფე სტეფანეს დასაცავად წაიყვანეს. შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებული ფოთის იზოლატორშია მოთავსებული.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: