ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. ბრძანება 12 ნოემბერს გამოიცა.
ყოფილი დირექტორი, ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი, ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა.
ნოზაძის თქმით, თავდაპირველად, ჯანდაცვის სამსახურში აუდიტი შეუშვეს. ეს მას შემდეგ, რაც მან მდივნიშვილს დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები აუკრძალა. დოკუმენტში კი ჩაწერეს, რომ ინვენტარიზაციის კუთხით, ასევე ფედერალური წესით წამოსული დაფინანსების განაწილებასა და კოვიდ ტესტებთან დაკავშირებით, დარღვევებია აღმოაჩენილი.
მისივე მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, მერი მას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების იზოლაციის პირობების განსაკუთრებულ კონტროლსაც სთხოვდა. მერიაში ამბობენ, რომ გათავისუფლების მიზეზი ნოზაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და სამსახურის წესდებისა და შინაგანაწესის დარღვევა გახდა.
ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში ჩივილს აპირებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპი ორგანიზაციაა.
ავტორი: ია გულიაშვილი