სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგი ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე ექიმმა სანდრო მათეშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა წამლების მიღება დაიწყო და ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა.
"პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. იცით, რომ გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი, მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა. ასევე, წარმოდგენილი იყო უახლოესი ლაბორატორიული მონაცემები. იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები.
გუშინვე, პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა. მათ შორის, კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.
დღეისათვის პაციენტი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა სანდრო მათეშვილმა.
ბრიფინგზე მან მოშიმშილე პატიმრების სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებას ასეთი პაციენტების მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
"მინდა განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში მუდმივად მიმდინარეობს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია. სხავადასხვა პერიოდში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში 2019 წლიდან დღემდე დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შემდგომი რეაბილიტაცია მათ გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ხოლო ნაწილს, რომლებსაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები და საჭიროდ ჩაითვალა, გადმოყვანილი იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც მათ ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია.
მე-18 დაწესებულებას გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის. ასევე, მინდა განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერთიფიცირებული კვალიფიცირებული პერსონალი, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია იმის მიხედვით, რამდენ ხანსაც ეს დასჭირდებათ", - თქვა პენიტენციურის ექიმმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი, ასევე სახელმწიფო და ალტერნატიული კონსილიუმების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში იქნას გადაყვანილი.