"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა.
კობახიძემ ექსპერტების დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.
"იმთავითვე "ფეიკია" ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როდესაც იდება ასეთი "ფეიკი" დასკვნა, მათ შორის სახალხო დამცველის და ექიმების მიერ, ასეთ შემთხვევაში ეს არის ერთი მორიგი "ფეიკი", მაგრამ, თუ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება, მაგალითად გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის კონკრეტული ექიმების", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე | სრული ვერსია