მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მისი შიმშილობის დასრულებას, - ამის შესახებ Twitter-ზე სენატორი ჯინ შაჰინი წერს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას, რომელსაც ხელს თავად სენატორი შაჰინი და ასევე, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი აწერენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორები დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისას გაითვალისწინონ დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციები და იმოქმედონ დაუყოვნებლივ. სენატორები წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, ასევე მესამე პრეზიდენტის სხდომაზე ფიზიკურად დასწრების უზრუნველყოფას დააკვირდებიან.
ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ახლა დროა, პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტდა შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე".