საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ.
ობიექტებში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც ე.წ. მწვანე სტატუსი ექნებათ.
"რესტორნებს რომლებსაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ ისინი შეძლებენ იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც ჩათვლიან საჭიროდ", - თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რას გულისხმობს მწვანე სტატუსი:
"მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც არის სრულიად ვაქცინირებული, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის; აქვს გადატანილი კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან უნდა იყოს გასული 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად; თუ ადამიანს აქვს pcr ტესტი გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის და თუ ადამიანს გააჩნია 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი", - თქვა ღიბრაძემ.
მწვანე სტატუსის წარდგენა საჭიროა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.