კლიპები პოლიტიკური რეკლამა არაა, არ არსებობს ნორმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში მათ განთავსებას კრძალავს - ქარტიის დირექტორი "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება "მთავარი არხის" დაჯარიმებაზე, კანონიერების თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვებს უჩენს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ძალიან საეჭვოა მარეგულირებლის განმარტება კანონთან თავსებადი იყოს და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს.

"ეთიკის ქარტიის" დირექტორი ამბობს, რომ კანონში არ არსებობს ნორმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას კრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში გასული ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამა ისედაც არაა.

"რამდენიმე პრობლემას აქვს ადგილი ამ გადაწყვეტილებაში, ერთი რის ის, რომ რეალურად ის არ არის პოლიტიკური რეკლამა, როგორც ეს კომუნიკაციების კომისიამ შეაფასა, მეორე არის ის, რომ თუნდაც იყოს ეს პოლიტიკური რეკლამა არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც პირდაპირ კრძალავს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას და მესამე საკითხი ეხება ჯარიმის ოდენობას, იმიტომ, რომ 2020 წლის 3 დეკემბერსაც მაქსიმალური ოდენობით დააჯარიმა მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი", დღესაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ როცა შეეძლო, რომ მინიმალური ან საშუალო თანხა დაეკისრებინა და ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, ეს მიდგომები ეხმიანება ხელისუფლების ზოგად მიდგომას კრიტიკულად განწყობილი მედისაშუალებების მიმართ", - თქვა ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა. 

ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი შეფასებით, ეს უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად არხის დახურვის ტოლფასია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი