მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე პიჯაკები მიიტანეს. მესამე პრეზიდენტს ადვოკატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რატომაა ეს საქმე პოლიტიკური და არა სამართლებრივი.
"როდესაც ხარჯებში შევდივართ და ახლაც იყო ხაზგასმა, რომ ეს არ არის პიჯაკის საქმეო, კი, ამ პიჯაკის საქმეა, ეს არის ერთ-ერთი ექვსიდან, რომლისთვისაც პრეზიდენტს ასამართლებთ.
თქვენ ამ საქმეში ხარჯები დიფერენცირებული არ გაქვთ. თქვენ ამ საქმეში თაიგულებზე ასამართლებთ პრეზიდენტს და თუ გაქვთ სამართლებრივი კომპეტენცია, მაშინ კეთილი გენებათ და გეთქვათ, ბოტოქსებზე აქვს ბრალდება წარდგენილი და არა პიჯაკებზე, არა თაიგულებზე...მარა ესე არ გაგიკეთებიათ იცით რატომ? სამართლებრივი თვალსაზრისით, ხარჯების თვალსაზრისით, იქნება ეს ბოტოქსი, თუ პიჯაკები, იყო აბსოლუტურად იდენტური...
ამიტომ ვართ პოლიტიკურ პროცესზე და არა სამართლებრივზე და ამიტომ წარმოადგენთ თქვენ პროპაგანდას და არა სამართლებრივ ბრალდებას " ამბობს ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა პროკურორ გიორგი მუჯირის აცილება მოითხოვეს და არგუმენტად მის მიერ, მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა.
ადვოკატების თქმით, გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.
სასამართლო ცოტა ხნის წინ დაიწყო და ხმაურისა და მხარეების კამათის ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა კორექტულობისა და წესების დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვა, რომ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.