მიხეილ სააკაშვილს ციხეში არასწორი მედიკამენტებით მკურნალობდნენ - სკანდალური განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მედიკოსები არამართებულად ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რამაც მის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.
მარიამ ჯიშკარიანი პასუხებს იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს. ის მომხდარს პაციენტის სამედიცინო უფლებების შეზღუდვად და ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს.
"იკვეთება როგორც მინიმუმ, არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება. ეს ეხება დაწყებული რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას. ეს საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა. საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს მოუწევს, პასუხი გასცეს სტრასბურგში, თუ რატომ იქნა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები დანიშნული საკმაოდ მაღალი დოზებით, როდესაც გაიდლაინით მას არ ესაჭიროებოდა ამ პრეპარატების დანიშვნა. ამან გამოიწვია შემდგომში ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი, რომლის მომსწრეც ჩვენ გავხდით პირველი ვიზიტისას გორის ჰოსპიტალში", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებისთვის რამდენიმე თვიანი ინტენსიური მკურნალობაა საჭირო.
"მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა. ეს გახლავთ პოსტ ტრავმული, სტრესული აშლილობა, ასევე ნევროლოგიურად არის ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი მოვლენები. ყველანაირი გაიდლაინების მიხედვით, ამ დიაგნოზებს სჭირდება 4-8 კვირის განმავლობაში მკურნალობა მინიმუმ, პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობას 3-თვიანი მკურნალობის რეჟიმი გაიდლაინით და პროტოკოლის მიხედვით. ასევე, ვერნიკეს სინდრომს ესაჭიროება მკურნალობა 2-3 თვე", - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს და მის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული კონსილიუმის ექიმებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს ელოდებიან.