ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - პოლიციამ ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან ძალით გაიყვანა

გამოქვეყნდა:

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის მერიაში - ოპოზიციის წევრები არჩილ ჩიქოვანის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ოპოზიცია ბათუმში უკანონო მშენებლობებს აპროტესტებს, მათ მერს აუდიტის დასკვნა წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც ბათუმში 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციონერები არჩილ ჩიქოვანისგან მოითხოვენ პასუხს, რატომ შენდება ე.წ. ჩინური კვარტალი, რომლის არსი გაუგებარია.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა კაბინეტის დატოვებაზე უარი თქვეს, არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი სამუშაო ოთახი თავად დატოვა. 

ისინი ამ დროისთვისაც მერიის შენობაში რჩებიან და ტერიტორიის დატოვებას არ აპრიებენ.

"შეიარაღებული ბანდფორმირებების ხელმძღვანელები ზიან ამ ოთახში, რომლებიც იარაღით დათარეშობენ ამ ქალაქში... მოვუტანე დოკუმენტი, რომელშიც წერია რომ კორუფციაა მთელს მერიაში. რა პასუხი უნდა მიიღო ჩინური კვარტალის ამშენებელი მერისგან, რომელიც ხმას არ იღებს?! სოდის, კუდის და ძალოვნების ობიექტად გადააქცია სამსახური",- თქვა საკრებულოს წევრმა რევაზ ხარაზმა.

ხელისუფლების ოპონენტებს კითხვები ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის იარაღით სიარულთან დაკავშირებითაც ჰქონდა. ამაზე არჩილ ჩიქოვანმა მხოლოდ ის თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და რეაგირება მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ ექნება. 

"მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ადგილზე, სადაც მოხდა მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ ჩვენს ნაწილში წარმოებას ვაგრძელებთ, დანარჩენ ნაწილში დაწყებულია გამოძიება და ამის შემდგომ მერიას ექნება რეაგირება",- ამბობს ჩიქოვანი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბათუმის მერისთვის ბუნებრივი ფაქტია, რომ საჯარო მოხელე იარაღით დადის ქალაქში და ხალხს აშინებს. 

"არჩილ ჩიქოვანმა განმარტა, რომ ეს ადამიანი გააგრძელებს მუშაობას და მისთვის ნორმალურია, რომ იარაღით დადის მერიის თანამშრომელი და ხალხს აშინებს. მისთვის არ არის ეს უცხო, ის არის ე.წ. ის პოლიციელი, ვინც აშინებდა ხალხს და აგრძელებს ამ ყველაფერს",- ამბობენ ოპოზიციაში

შენობაში ისევ მობილიზებულია პოლიცია, თუმცა არჩილ ჩიქოვანი კაბინეტში შევიდა და სავარაუდოდ, კომენტარს აღარ გააკეთებეს. ამავე თემაზე:

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი