10 დეკემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა დადო, რომ ქვეყანაში ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს და ეროვნული მაშტაბით შერიგების პროცესს წარმართავს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ცოტა ხნით ადრე თავად საუბრობდა შერიგებაზე, ზურაბიშვილს საკნიდან გამოეხმაურა და 3 პრეზიდენტის შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. მეხუთე პრეზიდენტის იდეა მოეწონა გიორგი მარგველაშვილსაც, თუმცა შეხვედრის უკეთეს ადგილად პრეზიდენტის სასახლე დაასახელა. ილია მეორესთან კურთხევაზე მისულ სალომე ზურაბიშვილს კი ეკლესიამ შესარიგებლად საკუთარი ტერიტორია შესთავაზა.
მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ეს არის საწყისი პროცესი და მას არ აქვს ჩამოყალიბებული ან წინასწარ შექმნილი გეგმა. ეს ღია პროცესია, რომელშიც ყველა უნდა ჩაერთოს. ბევრს სჯერა, ბევრს არ სჯერა. ზოგი კი თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა იფიქრა და გადაწყვიტა ისტორიას ისეთ პოზიტიურ პრეზიდენტად შემორჩეს, რომელმაც მართლა რაღაც გააკეთა და პოლარიზაცია შეამცირა.
ავტორი: ანა ასათიანი