"წინასაახალწლო სიურპრიზად" გავიგეთ, რომ კონსპირაციულად დაინიცირდა კანონპროექტი - ლონდა თოლორაიას პირველი განცხადება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია მის უწყებასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას ეხმაურება და წერს, რომ მანაც და მისმა თანამშრომლებმაც ინფორმაცია, რომ შესაძლოა სამსახური გაუუქმონ, მედიისგან გაიგეს.  

თოლორაია წერს, რომ კანონპროექტი კონსპირაციულად და დაჩქარებული წესით დაინიცირდა:

"დღეს, ,,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა, ინტერპრესნიუსიდან გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ.

ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში.

რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე.

იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!

მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს.

მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი",-წერს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ უწყების ნაცვლად შეიქმნება ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი