საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ახალ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ინსპექტორის სამსახური გაუქმდეს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს, ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასაც ის, სწორედ აღნიშნულს უკავშირებს:
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, გამო.
ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.
სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის.",- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქზე ვრცელდება.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ უწყების ნაცვლად შეიქმნება ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.
ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. პროექტი 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.