გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნინო გოგორიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა და გამოკითხვაში არსებულ კითხვებზე ჯერ ხელი მოაწერინა, შემდეგ კი ისინი განავრცო.
ამ თემაზე მისი განცხადება მედიასთან გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა წაიკითხა:
"მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას", - თქვა მთავარმა ექიმმა ნინო გოგორიშვილის სახელით.
ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ მედიასთან წაიკითხა გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, რითიც დასტურდება, რომ მან ფორმა 100-ს ხელი ისე მოაწერა, რომ სახელმწიფო კონსილიუმი საქმის კურსში არ იყო, გარდა ამისა, გაწერის გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი არ იყო ბოლომდე დადგენილი.
მკურნალი ექიმი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მისი მკურნალობა საქართველოს პირობებში თავისუფლების გარეშე რეაბილიტაცია შეუძლებელად მიაჩნია.