TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი წერს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე კომპანიამ დაიქირვა, თუმცა მას ექსპერტზის დასრულებაზე და დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ მათთვის არაფერი უცნობებია.
წერეთელი აცხადებს, რომ აქვთ ეჭვი, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასწრაფოდ შეთხზეს მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიას დაამატა.
"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!
დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.
ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.
ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა", - წერს ვატო წერეთელი.
ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მედიით ისე გასაჯაროვდა, რომ არც ლექსო ლაშქარავას ოჯახს და არც მის ადვოკატებს არაფერი აცნობეს. სამხარაული ამტკიცებს, რომ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალება ნარკოტიკმა გამოიწვია.
დასკვნას ეთანხმება ალექსანდრე გეჯაძეც, რომელმაც პირველი განცხადება დღეს გააკეთა და განაცხადა, რომ დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ტელეკომპანია პირველს არ შეატყობინა.
ამავე თემაზე: