თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუხლი, რომელიც ფულის გათეთრებას გულისხმობდა, მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და თაღლითობის მუხლით შეცვალა. კერძოდ, გიორგი არევაძემ ისინი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ცნო დამნაშავედ, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.
ამასთან, ბრალდებულებს შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა გაუუქმდათ.
ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია "ლელოს" ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი "TV პირველის" ოფისში.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.