სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელის, ნოდარ ხარშილაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" დასავლეთის ეშინია, რადგან ის ისეთი რეფორმების გატარებას აიძულებს, რითაც "ოცნება" ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, ხარშილაძის თქმით, მმართველი გუნდი დასავლეთისგან დისტანცირებას ცდილობს და ამას აღარც მალავს:
"ეს გაგრძელებაა ქართულ ოცნების ბოლო პერიოდის აშკარა პოლიტიკის. დღეს ქართულ ოცნებას უკვე ეშინია დასავლეთის, იმიტომ რომ დასავლეთი მას აიძულებს ის რეფორმები გააკეთოს, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს. ამიტომ ქართულ ოცნება ცდლობს, რომ დისტანცირება გააკეთოს უკვე ღიად და ეს ქართველი ხალხისთვის უკვე მისაღებად გახადოს",- თქვა ნოდარ ხარშილაძემ.
მისივე თქმით, ამგვარი პოლიტიკის შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს ვეღარ მიიღებს ფულად დახმარებას ევროპისგან, რაც ნამდვილად მოსახლეობას ხმარდებოდა, რადგან მათი მხრიდან ხარჯვაზე მონიტორინგიც მკაცრი იყო, დახმარების შეწყვეტას კი მოსახლეობა საკუთარ თავზე იგრძნობს.
ცნობისთვის, გუშინ, 21 დეკემბერს სამმა ევროპარლამენტარმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მათი ვიზიტი ვერ შედგებოდა, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარემ "დრო ვერ გამონახა".
პაპუაშვილის კაბინეტმა კი დღეს განმარტება გააკეთა, რომ ჟან მონეს დიალოგი "სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი" აქტივობების ფორმატი არ არის, ამიტომ მისი დაგეგმვა ორმხრივი თანამშრომლობით უნდა მოხდეს. გავრცელებული განცხადების გამო, პაპუაშვილის სამდივნომ ევროპარლამენტარები "პოლარიზაციის რისკების ზრდაში" დაადანაშაულა.