რამდენიმე ფაქტი დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2019-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მიხედვით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე 218 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ცალკე არ არის გამოყოფილი აქედან რა თანხა დაიხარჯა კონკრეტულად საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე 2019 წელს 70 მლნ ლარი დახარჯა. 2020-2022 წლებში კორპუსების აშენებაზე გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად შემცირდა.
ანგარიშის მიხედვით, 2013-2021 წლებში დევნილების განსახლებაზე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე სულ 693 მლნ ლარი დაიხარჯა, თუმცა ასობით ოჯახი ისევ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობს.
ორგანიზაციის დასკვნით, ათიათასობით ოჯახი საცხოვრებელ ფართს დღემდე ელოდება და მათი ნაწილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობს. მთავრობისთვის მათი განსახლება და ამ მიმართულებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხის გამოყოფა პრიორიტეტი უნდა იყოს.