"ჟურნალისტების აქტიურობის გამო, ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა" - რუსეთმა თბილისი-მოსკოვის რეისი ბოლო წუთს გააუქმა

გამოქვეყნდა:

რეისი თბილისი-მოსკოვი გაუქმებულია - რუსეთმა ქართულ ავიაკომპანიას მოსკოვის მიმართულებით ფრენის შესრულებაზე უარი ბოლო წუთს უთხრა.

როგორც "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა "მთავარ არხს" უთხრა, მიზეზი "მედიის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი" და მათი კომპანიის მიერ დარღვეული პროცედურებია.

"აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო, ატყდა აჟიოტაჟი და გაუქმდა, აღარ მოგვცეს ნებართვა რეისის ნებართვა. პროცედურები არ იყო დაცული რაღაც, ამიტომ ნებართვა არ მოვიდა. ჩარტერული რეისი იყო შეკვეთა და ამ რეისს ვასრულებდით", - ამბობს თამაზ გაიაშვილი.

დღეს, ზუსტად 10:00 საათზე, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა უნდა შესრულებულიყო. ბორტზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა მოსკოვმა თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა. მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, რასაც სისხლიანი 20 ივნისის ღამე მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი