კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებენ.
ისინი ამბობენ, რომ ფასები ყველა მიმართულებით იზრდება, მათ შორის საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, რაც ადამიანების ცხოვრების ისედაც მძიმე პირობებს კიდევ უფრო მეტად ართულებს.
"ჩვენ მოვედით ამ ყოველდღიური გაუსაძლისი პირობების გასაპროტესტებლად. აქ თითოეულ ბანერზე წარმოდგენილია ლოზუნგები, რაც ისტორიაა, ყოველდღიურობაა ჩვენი. მაგალითად, ერთ-ერთი ლოზუნგია „77 ათასი ბავშვის შიმშილობა ყოველდღე“ და ამ დროს, შემდეგი ლოზუნგია „ღარიბაშვილი ცოლის ტყეში გულაობს“. სირცხვილია, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერია და მიხეილ სააკაშვილი ციხეშია გამოკეტილი. ეს დანაშაულია მეგობრებო", - თქვა ენმ-ის წევრმა, ნუგზარ ნონიაშვილმა.
ადგილზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. აქციის მონაწილეებს მმართველმა გუნდმა კვლავ საკუთარი პარტაქტივი მიუგზავნა. "ქართული ოცნების" კოორდინატორები და საჯარო მოხელეები ენმ-ს აქციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება "მსოფლიო კრიზისით არის განპირობებული".
"მოვედი საკრებულოში, კარგად მემსახურებიან რომ რამეს ვთხოვ. ეხლაც საქმეზე ვარ მოსული, კარგად მიმიღეს, კარგად გამიმასპინძლდნენ და ეხლა წავალ კარგად. მსოფლიო კრიზისია და ბიძინა მსოფლიოს ვერაფერს ვერ უზამს", - ამბობს მმართველი გუნდის მხარდამჭერი.
კასპის საკრებულოსთან აქცია და კონტრაქცია გრძელდება. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.