ჩვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ფოთის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
დაცვის მხარე პროცესზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
"განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და რომ არ დავაზიანო, ყველა მოქმედებები არაა შესრულებული, ექპსეტიზის დასკვნა არ დევს საქმეში და ვერ მოგახსენებთ განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაციას. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოჯახური მდგომარეობაც მძიმეა, მოთხოვნა გვექნება გირაოთი იქნას გათავისუფლებული ეს პიროვნება", - ამბობს ქალის ადვოკატი.
პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო მილში მოათავსა. უწყება პატიმრობას ითხოვს.
პოლიციის მთავარი მოწმე ხელოსანია, რომელმაც ახალშობილის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვა. ერთ-ერთი ვერსიით ოჯახი ჩვილის გაშვილებას გეგმავდა, თუმცა ნაადრევმა მშობიარობამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი ჩვილი ფოთში 14 თებერვალს იპოვეს. მეორე დღეს პოლიციამ ახალშობილის დედა დააკავა.