"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, გორის ჰოსპიტლის სამედიცინო სამსახურის უფროსი მალხაზ ურთმელიძე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მან რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გასაყვანია და მას სამედიცინო სერვისი სჭირდება, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია.
"მიხეილ სააკაშვილს სჭირდება და ის ითხოვს და შიმშილობს ამ მიზეზით, რომ მას აუცილებლად, დაუყოვნებლივ ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მოხდება. ის არის გასაყვანი ამ დაწესებულებიდან.
ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ გორის ჰოსპიტლის სამედიცინო სამსახურის უფროსი, მალხაზ ურთმელიძე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილისადმი და მის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ღონისძიებებით, ის ადამიანი დღეს არის გადმოყვანილი აქ, ამ დაწესებულებაში, რატომღაც ძალიან უცნაურად... ასეთი ინფორმაცია მაქვს მიხეილ სააკაშვილისგან, რომ აქ არის უკვე გადმოყვანილი და ასევე თამთა დემურიშვილი არის გათავისუფლებული თანამდებობიდან", - ამბობს ხერხეულიძე.
იხილეთ ასევე: