"რუსეთი უკრაინელებს მთელ უკრაინაში კლავს... მხოლოდ ბრძოლით გავიმარჯვებთ!" | ვიტალი კლიჩკოს მიმართვა

გამოქვეყნდა:

კიევში თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი, - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ის კიევის მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ ბრძოლის შედეგად უკრაინა და კიევი აუცილებლად გაიმარჯვებს:

მეგობრებო, ძვირფასო კიეველებო!

კიევი საკუთარი თავის დაცვას განაგრძობს. დედაქალაქში რუსული ჯარები არ იმყოფებიან. მაგრამ ჩვენი სამხედროები და სამართალდამცველები დივერსანტების გამოვლენას აგრძელებენ. 

ღამით იყო შეტაკებები და სროლები. განადგურებულია რამდენიმე დიდი დივერსიული ჯგუფი. კომენდანტის საათი ხვალ დილამდე სწორედ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდიმარე დავაწესეთ. არ გამოხვიდეთ ქუჩებში. სახლიდან გამოსვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალია და თავშესაფარში მიდიხართ. 

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა. რუსეთი უკრაინელებს მთელ უკრაინაში კლავს.

კიევში თავდასხმის დაწყებიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი, ასევე 4 უცნობი და 18 სამხედრო პირი. დაშავდა 106 პირი, მათგან 47 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულია 3 ბავშვი და 17 წლის კადეტი. 

დღეს დილით, ლავრუჰინას ქუჩაზე 16-სართულიანი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა. ცეცხლი 7 კერძო ავტომობილს გაუჩნდა. აფეთქების ტალღით დაზიანებულია 1-15 სართულის ფანჯრები და აივნები. შენობის ერთი შესასვლელიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მადლობა ღმერთს, გარდაცვლილი ვერ იპოვეს. აღნინშნება მხოლოდ მცირე დაზიანება. 

მთლიანობაში, ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი მუშაობს. ქალაქში არ გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არც მეტრო. მიწისქვეშა მეტროსადგურებში თავშესაფრებია მოწყობილი. 

დედაქალაქის საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ისინი იღებენ როგორც მათ, ვინც სასწრაფო დახმარებას თავად მიმართავს, ასევე იმ პირებს, ვინც სასწრაფოს მანქანებს კლინიკაში თავად მიჰყავთ.

დღეისათვის, სისხლის გადასხმის ცენტრები სისხლის კომპონენტებითაა უზრუნველყოფილი. ყველაზე დიდი საჭიროებაა დონორები უარყოფითი რეზუსით. ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია, შეუერთდეს და გახდეს დონორი...

ქალაქს სამხედროები, პოლიცია და ეროვნული გვარდია იცავს. მადლობელი ვარ ყველა კიეველის, ბიზნესის, ვისაც სურს ან უკვე დათანხმდა ამ სიტუაციაში კიევის გვერდით გდომას და მის დახმარებას. 

ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ! გამარჯვება იქნება, მაგრამ იქნება მხოლოდ ბრძოლის შედეგად. გავიმარჯვებთ, რადგან ჯარი ჩვენთანაა, სამართალი ჩვენთანაა! უკრაინა ჩვენთანაა! დიდება უკრაინას! და დიდება ყველას, ვინც ზრუნავს, ვინც იცავს სამშობლოს!, - აცხადებს კლიჩკო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი