"უკრაინა თავისუფალი და ევროპული იქნება... რთულად, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!" | კლიჩკოს მიმართვა

გამოქვეყნდა:

"უკრაინა იქნება თავისუფალი და ევროპული. რთულად, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ" - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო საუბრობს და დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს: 

მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო! 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კიეველებს გამძლეობისა და უსაფრთხოების წესების დაცვისთვის. კომენდანტის საათის დაწყებამდეც კი ადამიანები სახლებში ან თავშესაფრებში რჩებიან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მდგომარეობა მძიმეა! 

ქალაქში, ეზოების ზოგიერთ მონაკვეთში, რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა. მადლობა ღმერთს, არ არის მსხვერპლი და დაშავებული - ცეცხლი მხოლოდ რამდენიმე მანქანას გაუჩნდა. დაზიანებულია კერძო სახლიც. ასევე, დაზიანდა პოდილსკის რაიონის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი შენობა. 

თავდასხმები იყო კიევის გვერდით - ბუჩა, ირპინი, ჰოსტომელი. მტერი დედაქალაქში შეღწევას ცდილობს, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. 

ამ ღამით კიევთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზეა. დეტალებს ამ წუთებში ვარკვევთ. 

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - 20:00 საათიდან ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. კიევში გადაადგილების უფლება მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ტრანსპორტს აქვს. 

ხვალ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ, დილის 7 საათიდან, ჩრდილოეთისა და დარნიცკის ხიდები გაიხსნება იმისთვის, რომკერძო და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაადგილება შეძლოს. სამხრეთის ხიდზე კი გადასასვლელი არ იქნება. მიაქციეთ ამას ყურადღება! თუ არ იქნება გადაუდებელი საჭიროება, ქალაქში არ გადაადგილდეთ კერძო ტრანსპორტით. 

კიევი განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას და განაწილებას მათთვის, ვისაც ეს დღეს ძალიან სჭირდება. ქალაქის ჰუმანიტარული შტაბი, რომელიც ლოჯისტიკაზე უკვე მუშაობდა, იღებს დახმარებას და მის თხოვნებს. 

მინდა გამოვყო მოხალისეები და მათ მადლობა გადავუხადო. იმ პირებს, ვინც დღეს ჩართულნი არიან, ეხმარებიან გაჭირვებულებს და ამზადებენ სადილებს ჩვენი მებრძოლებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მადლობა თქვენ და თქვენს ბიზნესს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და დახმარება შემოგვთავაზა. 

კიეველებო, უკრაინელებო! თქვენ ყველანი სამშობლოს პატრიორები ხართ. გულიანი, მგრძნობიარე და მამაცი! უკრაინა იქნება თავისუფალი და ევროპული. რთულად, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ, - აცხადებს კლიჩკო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი