თეთრი "მიცუბიშ ტრიტონის" ფონზე სამტრედიის მერი ვალერიან ფოცხვერია და მისი მეგობრები არიან. მერმა ეს ფოტო ბახმაროს ტყეში მას შემდეგ გადაიღო, რაც სამტრედიის ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ახალი მანქანა ჩამოუვიდა. ვალერიან ფოცხვერიამ კომფორტული პიკაპის შეძენა მეგობრებთან ერთად ბუნებაში მწვადის შეწვით აღნიშნა.
"მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ფოცხვერიამ დაადასტურა რომ ავტომობილი ნამდვილად მან შეიძინა. ამბობს, რომ ის ძალიან კომფორტულია და მხოლოდ სამტრედიელების დასახმარებლად სჭირდება.
ვალერიან ფოცხვერიამ 60 ათას ლარიანი პიკაპისთვის ფასიანი ნომრები შეიძინა და საქეიფოდ ბახმაროში სა-001-მტ სახელმწიფო ნომრების მქონე ახალი ავტომობილით წავიდა.
ფოცხვერია უარყოფს, თუმცა ადგილობრივი ოპოზიცია მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრნობით ამტკიცებს, რომ მერმა ახალი ავტომობილი კოვიდ პანდემიის დროს კონსოლიდირებული ტენდერით იყიდა.
სამტრედიელები ამბობენ, რომ ადგილობრივების უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა. მათთვის ძნელი გასაგებია, რატომ ამართლებს ფოცხვერია ახალი მანქანის შეძენას სამტრედიელების საჭიროებით, როცა მისგან დახმარება არასოდეს მიუღიათ.
ფოცხვერიას მისი ქალაქის გაჭირვებული მცხოვრებლებისთვის მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. ის ამტკიცებს, რომ პირადი ავტომობილი არ ჰყავს, თუმცა არ აქვს პასუხი რატომ გახდა მისი და მისი მეგობრების ზეიმის მიზეზი ავტომობილი, რომელიც სამტრედიელების ფულით შეიძინა.